არქივი U19. იტალია VS საქართველო - შანსი ყველასთან უნდა გამოვიყენოთ [POTO]

29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი 19-წლამდელთა ელიტრაუნდს უმასპინძლებს. წილისყრამ გიორგი დევდარიანის გუნდს ურთულესი მეტოქეები შეახვედრა - ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მინი-ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო. ამ მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია ამხანაგური მატჩი იტალიელ თანატოლებთან, რომელიც დღეს, 25 თებერვალს, რომთან ახლოს, პატარა ქალაქ ჯენზანოში გაიმართება. 

შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და Sportall.ge შეეცდება, მისი ლაივ-სტრიმი შემოგთავაზოთ.

დევდარიანმა ამ მატჩისთვის 18 ფეხბურთელი წაიყვანა. იტალიაში გამგზავრებამდე, ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილება მოხდა - ზურაბ მალანიასა და გიორგი თევზაძის ნაცვლად, 

გუნდს ბექა ჭკუასელი და დემურ ჩიხლაძე შეუერთდნენ. მალანია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბოლო წუთებზე დაშავდა; თევზაძე კი შეუძლოდ გახდა.

მატჩის წინა დღეს დევდარიანმა ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა. გუნდს იტალიაში ორი ლეგიონერიც შეუერთდა - იტალიური "ემპოლიდან" რომან ჭანტურიადა ბელგიური "გენკიდან" ლუკა ზარანდია. სამწუხაროდ, "ემპოლის" ფორვარდი ტრავმას იშუშებს და მისი თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია, თუმცა ის მაინც ნაკრებთან ერთადაა და მცირე დატვირთვით ვარჯიშობს.

19-წლამდელთა სანაკრებო ბატალიებისთვის ემზადება "საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხარაიშვილიც, რომელიც ამბობს:

"ჩემი აზრით, ყველაზე რთულ და ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ვინც კონკრეტული მატჩებისთვის უკეთ მოემზადება, ის გახდება გამარჯვებული. 

მაგრამ ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ, ესპანეთის ნაკრებთან იქნება ეს, პორტუგალიასთან თუ თურქეთთან. უნდა გავიდეთ მინდორზე და შეუძლებელი შევძლოთ".

 

 

 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


კომენტარები: 0
avatar